ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა
დრო: 2015-06-26 00:00:00
ქალაქ თბილისში, ჭანტურიას ქუჩა N12-ში მდებარე შენობა, რომელშიც დღეს თავად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა განთავსებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 9 450 000 აშშ დოლარად გაყიდა.აღნიშნული უძრავი ქონების მიმართ საკმაოდ მაღალი იყო დაინტერესება და ბიჯების უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა. დადებული ბიჯების რაოდენობამ 690 ბიჯი შეადგინა.
აუქციონზე გამარჯვებულად გამოვლინდა ფიზიკური პირი თამარ მაზიაშვილი, რომელიც საპრივატიზაციო ობიექტში 9 450 000 აშშ დოლარს გადაიხდის. ქონების საწყისი ღირებულება 6 000 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღნიშნული თანხა აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს. აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ 2016 წლის პირველი იანვრიდან 36 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს შექმნა და ექსპლუატაციაში გაშვება. აუქციონის პირობების მიხედვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული საქვეუწყებო ორგანიზაციების თანამშრომლებს აღნიშნული ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობა შეუძლიათ 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ქ. თბილისში, ჭანტურიას N12–ში მდებარე უძრავი ქონების მიწის საერთო ფართი შეადგენს 4210.00 კვ.მ-ს, ხოლო მასზე განთავსებული შენობის ფართი - 11271.52 კვ.მ-ია. ობიექტს გააჩნია საკუთარი ტერიტორია პარკირებისათვის.