ქობულეთში სოფელ ციხისძირში ახალი სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა

დრო: 2018-10-05 15:06:43

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში წლების განმავლობაში ამორტიზირებული ინფრასტრუქტურის ნაცვლად, მალე ახალი სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა. უძრავი ქონება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე მაღალი კონკურენციის პირობებში 220 ბიჯით 810 000 ლარად გაყიდა. 

აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასტუმრო - კომპლექსს მოაწყობს. საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ციხისძირში ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.

პროექტის ფარგლებში უკვე გაყიდულია 21 ობიექტი, რომლის ჯამური ღირებულება დღეის მდგომარეობით 57 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო სასტუმრო–ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი  ინვესტიციის მოცულობა – 120 მლნ ლარს.