სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა გაფართოვდა

დრო: 2021-04-08 20:04:00

ქვეყანის წინაშე არსებული გამოწვევების და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ გააფართოვა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა. 

გაფართოებული პროგრამა ითვალისწინებს, 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო სახნავი და ეხლა უკვე სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც განხორციელებულია სამეურნეო სამუშაოები,მოიჯარეთათვის პრივატიზებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს გაიჯარებული ქონებრივი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში აქტიურ ჩართვას. აღნიშნული ცვლილებით გაჩნდება შესაძლებლობა, დამატებით, კერძო საკუთრებაში გადავიდეს დაახლოებით 10 985.48 ჰა სახნავ–სათიბი მიწა, რომელთა ჯამური საპრივატიზაციო ღირებულება 100 მილიონ ლარზე მეტია. აღსანიშნავია, რომ ინიციატივა დაახლოებით, 2206 კერძო მოიჯარეს შეეხება. შესაბამისად, ყოველივე ეს  ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის აუცილებელი დამატებითი ფინანსური აქტივების მოსაზიდად  სათანადო გარემოს შექმნას.