მოიჯარეებს იჯარით აღებული ნაკვეთების შეღავათიან ფასად პირდაპირ შეძენის საშუალება მიეცათ

დრო: 2021-10-05 12:10:00

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მოიჯარეებს იჯარით აღებული ნაკვეთების შეღავათიან ფასად პირდაპირ შეძენის საშუალება მიეცათ, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ დაემატა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული. 

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად,  სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში 2018 წლამდე იჯარით  გაცემული სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთების მოიჯარეებს შესაძლებლობა მიეცემათ, სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასად, პირდაპირ საკუთრებაში შეიძინონ პლანტაციები. მთავრობის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მოიჯარეებს შესაძლებლობას  მისცემს  ქონება უფრო მეტად ჩართონ ეკონომიკურ საქმიანობაში. 

აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე 17 მოიჯარის მიერ შესაძენი ნაკვეთების საერთო ფართია 507 ჰა, ხოლო სავარაუდო საპრივატიზებო თანხა მიწის ნაკვეთებიდან: 3 680 440 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ყველა მოიჯარეს ექნება 25 წლის განმავლობაში ჩაის ყოველწლიურად მოყვანის და შესაბამისი დასკვნის 5 წელიწადში ერთხელ სახელმწიფოსთვის წარდგენის ვალდებულება. 

სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში იჯარის უფლებით გაცემული უძრავი ნივთის პროგრამით დადგენილი წესით პრივატიზების მოთხოვნის შემთხვევაში, პროგრამით გათვალისწინებულ სხვა წინაპირობებთან ერთად, შესრულებული უნდა იყოს როგორც იჯარის ხელშეკრულებით, ასევე, სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“-ს ფარგლებში დადებული თანადაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ვადამოსული ყველა ვალდებულება.