მასშტაბური პრივატიზების პროექტი იმერეთის რეგიონში

დრო: 2022-06-16 15:22:57

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით გამართულ ერთობლივი პროექტის პრეზენტაციაზე „საინვესტიციო შესაძლებლობები ქუთაისში“, ბიზნეს სექტორს 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 25  საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო ქონება წარუდგინა, მათ შორის 4 დეველოპერული, 10 მულტიფუნქციური, 9 სამრეწველო-სასაწყობე და 2 სასტუმროს ბიზნესისთვის საინტერესო ობიექტი. საპრივატიზებო ობიექტებს შორის არის  ყოფილი „ქუთაისის საკონსერვო ქარხანა“, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, ბიზნეს გეგმა, ფინანსური მოდელი და არქიტექტურული რენდერი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით “Cushman & Wakefield Georgia”-მ მოახდინა. ასევე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციის შენობა, ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა და სხვა. საპრივატიზებო ობიექტები ელექტრონულ აუქციონზე უახლოეს მომავალში  განთავსდება და ყველა დაინტერესებულ პირს აუქციონში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ექნება. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ განვითარების პროექტს იმერეთის რეგიონში.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების ბაზრის წამყვანი მოთამაშეა და ფლობს მრავალფეროვან სახელმწიფო აქტივს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  მხოლოდ 2022 წლის განმავლობაში პრივატიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა 170 მლნ ლარს გადააჭარბა.