მთავრობის ხელშეწყობით, 2020 წლიდან დღემდე მოიჯარეებმა 1325,9 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გამოისყიდეს

დრო: 2023-12-27 10:12:00

წარმატებით გრძელდება საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წელს ინიცირებული  „„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება და დამატებითი აქტივების მოზიდვა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დამატებით 11 მოიჯარეს, დუშეთის, ქარელის, მარნეულის, ზუგდიდის, წყალტუბოს, სიღნაღის, მცხეთის, ლანჩხუთის, ონის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში მდებარე, მათ მიერ იჯარით აღებული 11 ერთეული, ჯამურად  32 ჰა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის უფლება მიეცათ. უძრავი ქონების ჯამური საბაზრო ფასი 699 905 ლარს შეადგენს. გადაწყვეტილება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა ითვალისწინებს იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, რომლებზეც განხორციელებულია სამეურნეო სამუშაოები, მოიჯარეთათვის გამოსყიდვის შესაძლებლობის მიცემას. ამასთან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთების გამოსყიდვა ხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ფასის 75%-ის ოდენობით.

მთლიანობაში,  2020 წლიდან დღემდე პროგრამით 234 პირმა ისარგებლა. იჯარა-გამოსყიდვა განხორციელდა 282 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 325,9 ჰა მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ჯამური საპრივატიზებო ღირებულება 28 265 506 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნია სააგენტოს ყველა მოიჯარეს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.