სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაცია გრძელდება
დრო: 2022-11-17 12:07:52

სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  ქვეყნის მასშტაბით 63 მლნ ლარზე მეტი საწყისი ღირებულების მქონე 148 ობიექტი გასაყიდად გამოიტანა. ამასთან, ელექტრონულ აუქციონზე განმეორებით გამოტანილი ობიექტები ფასდაკლებით იყიდება. საპრივატიზებო ობიექტებს შორის არის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიმდებარედ არსებული 563 991 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შპს „ზუგდიდის ფარმაციის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, სს „ხობის ნავთობპროდუქტის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 15 400 ცალი ჩვეულებრივი აქცია, შპს „იუნიორმშენის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 60%-იანი წილი და სხვა საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო აქტივი. ელექტრონული აუქციონები 29 ნოემბერს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია.  ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

საპრივატიზებო ობიექტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე - http://bit.ly/3hOTDkV

 

ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა აუქციონზე გაყიდა
დრო: 2022-10-21 23:45:00

სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე N37ა-ში მდებარე 2845.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, საზოგადოებისთვის ცნობილი როგორც პრესის სახლის ყოფილი შენობა,  ელექტრონულ აუქციონზე გაყიდა.

აუქციონი მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა და უძრავი ქონება 154 ბიჯით, 3 145 000 ლარად ფიზიკურმა პირმა მიხეილ ჩუბინიძემ შეიძინა. აღსანიშნავია, რომ დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში,  უძრავი ქონება აუქციონზე განმეორებით იყო გამოტანილი და მის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 1 605 000 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ობიექტი ბოლოს მიმდინარე წლის  აგვისტოშიც იყო გამოტანილი, თუმცა  აუქციონი არ შედგა. ლოტის საპრივატიზებო ღირებულება 2 407 500 ლარს შეადგენდა.

სულ მიმდინარე წელს პრივატიზებიდან მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 219 622 980  მლნ. ლარი შეადგინა, რაც აღემატება წინა წლების პრივატიზების მონაცემებს.

სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია.  ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო რეგიონის მასშტაბით სტაჟირების კონკურსს აცხადებს
დრო: 2022-08-22 14:08:00

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო რეგიონის მასშტაბით მიწის აზომვითი სამუშაოების შესასრულებლად სტაჟიორების კონკურსს აცხადებს. წარმატებული სტაჟიორები სააგენტოს რეგიონულ ქვედანაყოფებში დასაქმდებიან.

 სტაჟიორები შეირჩევიან კონკურსის წესით. სტაჟირების ხანგრძლივობა  2-დან 3 თვემდეა. აღნიშნულ პერიოდში კონკურსში გამარჯვებულები  გაივლიან როგორც თეორიულ, ასევე აზომვით სამუშაოებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ სწავლებას, დაეუფლებიან გეოლოგიურ და გეოფიზიკურ ხელსაწყოებთან მუშაობის წესებს.

სტაჟირების გავლის შემდგომ 12 წარმატებული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს რეგიონულ ქვედანაყოფებში  (დასავლეთ საქართველოსა და  სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტი, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონული სამსახურები) დასაქმდება.

სტაჟირების განაცხადი იხილოთ ბმულზე:  HR@GOV.GE

დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  14 20

მასშტაბური პრივატიზების პროექტი იმერეთის რეგიონში
დრო: 2022-06-16 15:22:57

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით გამართულ ერთობლივი პროექტის პრეზენტაციაზე „საინვესტიციო შესაძლებლობები ქუთაისში“, ბიზნეს სექტორს 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 25  საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო ქონება წარუდგინა, მათ შორის 4 დეველოპერული, 10 მულტიფუნქციური, 9 სამრეწველო-სასაწყობე და 2 სასტუმროს ბიზნესისთვის საინტერესო ობიექტი. საპრივატიზებო ობიექტებს შორის არის  ყოფილი „ქუთაისის საკონსერვო ქარხანა“, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, ბიზნეს გეგმა, ფინანსური მოდელი და არქიტექტურული რენდერი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით “Cushman & Wakefield Georgia”-მ მოახდინა. ასევე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციის შენობა, ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა და სხვა. საპრივატიზებო ობიექტები ელექტრონულ აუქციონზე უახლოეს მომავალში  განთავსდება და ყველა დაინტერესებულ პირს აუქციონში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ექნება. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ განვითარების პროექტს იმერეთის რეგიონში.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების ბაზრის წამყვანი მოთამაშეა და ფლობს მრავალფეროვან სახელმწიფო აქტივს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  მხოლოდ 2022 წლის განმავლობაში პრივატიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა 170 მლნ ლარს გადააჭარბა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის ფარგლებში სააგენტოს გერმანული დელეგაცია ეწვია
დრო: 2022-06-02 13:52:22

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკის  მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ და სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძემ GIZ-ის და Berlin Economics-ის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბების და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაფართოების ახალი შესაძლებლობები.  ასევე, განხილული იქნა ისეთი მიმდინარე საკითხები, როგორიცაა მხარდაჭერა პრივატიზების პოლიტიკის განსაზღვრასა და ინვესტიციების მოზიდვაში, სახელმწიფო ქონების  საპრივატიზებოდ მომზადებასა და მოძრავი ქონების მართვაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს 2016 წლიდან GIZ-ის მხარდაჭერით და ამჟამად ხორციელდება Berlin Economics-ის მიერ. მხარეებს შორის თანამშრომლობა მოიცავს პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების მართვის საკითხებში გერმანული მხარის გამოცდილების გაზიარებას.

წყნეთის სამთავრობო აგარაკები 47მილიონ ლარად გაიყიდა
დრო: 2022-04-15 15:58:57

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე ე.წ. წყნეთის სამთავრობო აგარაკები 47 000 000 ლარად გაყიდა. ელექტრონული აუქციონი ორ ეტაპად გამოცხადდა. გასაყიდად გამოტანილი იყო 30 უძრავი ქონება, რომლის ჯამური საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 40 660 000 შეადგენდა.  აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მაღალი დაინტერესება დაფიქსირდა და შესაბამისად, მთლიანობაში გასხვისებული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 47 000 000 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია.  ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

სააგენტო აქტიურად აგრძელებს დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს ძველ შეთავაზებებთან ერთად,  ახალ ობიექტებსაც წარუდგენს.

ე.წ „რიყის დოქები“ 10 020 000 ლარად გაიყიდა
დრო: 2022-03-24 17:44:03

თბილისში, რიყის ტერიტორიაზე განთავსებული 14 591კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა, საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც „რიყის დოქები“, ელექტრონულ აუქციონზე 10 020 000 ლარად კომპანია Global Victory Trust-მა იყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით ობიექტის მომავალი მესაკუთრე ვალდებულია 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ობიექტის სამომავლო განვითარება ხელს შეუწყობს რიყის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის გაჩენას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ტურისტულ პოტენციალს და გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" ეწვია
დრო: 2022-02-24 10:35:08

იცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეწვია, ორგანიზაციის მაღალი და საშუალო რანგის მენეჯმენტს შეხვდა და გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია მოისმინა.

პრეზენტაცია სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი დუგლაძემ გამართა. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია.

სააგენტოს თავმჯდომარემ ვიცე-პრემიერს გააცნო ორგანიზაციის სტრუქტურა, მისი ძირითადი მიზნები და ამოცანები, აგრეთვე მიაწოდა ინფორმაცია როგორც 2012 – 2021 წლებში გეგმის მიხედვით პრივატიზებიდან შემოსული თანხების შესახებ, აგრეთვე მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთაც სააგენტო ახორციელებს. მათ შორის, პროგრამას „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომელიც 2021 წელს ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ კიდევ უფრო გაფართოვდა. შედეგად, 2021 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 293 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 431 ობიექტი გასხვისდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს პროგრამის ფარგლებში 156 აუქციონი უკვე გამოცხადდა. პრეზენტაციის თანახმად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც 2014 წლიდან ბიზნესის სტიმულირების მიზნით ხორციელდება, უძრავი ქონება 128 ბენეფიციარს გადაეცა, მოსალოდნელი ინვესტიციის რაოდენობაა 232 მლნ ლარზე მეტი, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი - 11,000 - მდე ადამიანი.

პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა სააგენტოს მონაწილეობაზე ისეთ სახელმწიფო პროგრამებში, როგორიცაა „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია“, რომლის ფარგლებში პროგრამის 32 ბენეფიციარს 25-წლიანი იჯარით მიწა ჩაის პლანტაციების გაშენება - მოვლისათვის 577 ჰა მიწის ფართობი გადასცა. სააგენტო ასევე მონაწილეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბი - საძოვრების რადიონალურად გამოყენების პროგრამაში, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მეცხოველეობის განვითარებას.

გაწეული საქმიანობის ანგარიშის შემდეგ, ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა, რომ 2022 წელს სააგენტო გეგმავს, ჯამურად, 400 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების პრივატიზებას. მათ შორისაა, სახელმწიფო საწარმოები, სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწის ფართობები და სხვა, ასევე სააგენტოს სააგენტო გეგმავს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც გაამარტივებს სააგენტოში არსებულ პროცესებს.

შეხვედრის დასასრულს, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სააგენტოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. მისი თქმით, სამომავლოდ გაგრძელდება სახელმწიფო ქონების ეტაპობრივი განკერძოება, ზარალიანი საწარმოების რესტრუქტურიზაცია და გაგრძელდება პრივატიზების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ.

ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს
დრო: 2021-11-16 12:04:24

პარიზში, საქართველოს საელჩოს შენობაში ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით. თბილისიდან ონლაინ ჩართვით მიიღო სხდომაში მონაწილეობა საბჭოს წევრმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ, ხოლო ადგილზე სხდომაში მონაწილეობდნენ საბჭოს წევრები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე, ირენ ციციშვილი, ტიერი ბერიშვილი, გოჩა ჯავახიშვილი და ნინო კალატოზიშვილი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში თეა კატუკია, კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბოცვაძე და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი.

სხდომის დღის წესრიგში იყო ლევილის მამულში დაგეგმილ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი, რომლებზეც გაიმართა მსჯელობა. საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შემუშავდეს ორანჟერეის სარდაფის ვენტილაციის პროექტი, რათა ახალრეაბილიტირებულ ორანჟერეას სარდაფიდან დაზიანება არ დაემუქროს. სხდომის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს ლევილის მამულის ბაღის მოვლა და რეაბილიტაცია 2017 წელს მომზადებული ფიტოსანიტარული ანგარიშის შესაბამისად. ასევე უნდა ჩატარდეს ლევილის მამულის შენობა-ნაგებობების დიაგნოსტიკა აზბესტის შემცველობაზე, ვინაიდან საფრანგეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს მსგავს შემოწმებას ნებისმიერი მშენებლობისა თუ რეაბილიტაციის პროექტის დაწყებამდე. ამასთან, შედგა შეთანხმება, რომ როგორც კი მოცემული დიაგნოსტიკის შედეგი დაიდება, უნდა დაიწყოს აზბესტისგან გაწმენდისა და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები და ამისთვის აღარ გახდება საბჭოს სხდომის მოწვევა საჭირო, რათა პროცესი უფრო სწრაფად წარიმართოს.

გარდა ამისა, საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ უახლოეს ორ კვირაში ლევილის მამულში საქართველოდან გაიგზავნება ქონების აღრიცხვის სპეციალისტებისგან შემდგარი 3 ან 4-კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სრულად აღწერს ლევილის მამულში არსებულ მოძრავ ქონებას და თითოეული ნივთის პასპორტიზაციას მოახდენს. ამის შემდეგ კი მოიძებნება დროებითი სივრცე, სადაც მოცემული ნივთები განთავსდება მანამ, სანამ მამულში სარეაბილიტაციო სამუშოები განხორციელდება. ასევე საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ კომპანია „სკოპინგს", რომელიც საქართველოს დაკვეთით ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროექტზე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ ზედამხედველობას 2018 წლიდან ახორციელებს, მიეცემა გარკვეული დრო, რათა დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად წარმოადგინოს მამულში არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის საბოლოო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რათა კულტურის სამინისტრომ სწრაფად გაწეროს სამუშაოთა გეგმა, რის გაკეთებასაც ის შეძლებს 2022 წელს. სხდომაზე შეთანხმდა, რომ პრიორიტეტი არის მამულში არსებული შატოს რეაბილიტაცია და სხვა საჭირო სამუშაოები პროექტის ამ კომპონენტზე უფრო მნიშვნელოვნად არ ჩაითვლება.

დაბოლოს, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმს დაევალა ავთენტური მეგრული ოდის მოძიება საქართველოში მისი ლევილის მამულის ტერიტორიაზე განთავსების მიზნით.

მოიჯარეებს იჯარით აღებული ნაკვეთების შეღავათიან ფასად პირდაპირ შეძენის საშუალება მიეცათ
დრო: 2021-10-05 12:10:00

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მოიჯარეებს იჯარით აღებული ნაკვეთების შეღავათიან ფასად პირდაპირ შეძენის საშუალება მიეცათ, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ დაემატა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული. 

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად,  სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში 2018 წლამდე იჯარით  გაცემული სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთების მოიჯარეებს შესაძლებლობა მიეცემათ, სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასად, პირდაპირ საკუთრებაში შეიძინონ პლანტაციები. მთავრობის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მოიჯარეებს შესაძლებლობას  მისცემს  ქონება უფრო მეტად ჩართონ ეკონომიკურ საქმიანობაში. 

აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე 17 მოიჯარის მიერ შესაძენი ნაკვეთების საერთო ფართია 507 ჰა, ხოლო სავარაუდო საპრივატიზებო თანხა მიწის ნაკვეთებიდან: 3 680 440 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ყველა მოიჯარეს ექნება 25 წლის განმავლობაში ჩაის ყოველწლიურად მოყვანის და შესაბამისი დასკვნის 5 წელიწადში ერთხელ სახელმწიფოსთვის წარდგენის ვალდებულება. 

სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში იჯარის უფლებით გაცემული უძრავი ნივთის პროგრამით დადგენილი წესით პრივატიზების მოთხოვნის შემთხვევაში, პროგრამით გათვალისწინებულ სხვა წინაპირობებთან ერთად, შესრულებული უნდა იყოს როგორც იჯარის ხელშეკრულებით, ასევე, სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“-ს ფარგლებში დადებული თანადაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ვადამოსული ყველა ვალდებულება.

მიმდინარე წელს 220 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა
დრო: 2021-09-05 22:09:00

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წელს,  დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში, 227 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების გასხვისება მოახდინა. აღსანიშნავია, რომ არსებული შედეგი, ბოლო წლებთან შედარებით არის რეკორდული მაჩვენებელი და მეტყველებს კერძო სექტორის მხრიდან გაზრდილ მოთხოვნაზე, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე. პრივატიზაციიდან შემოსული თანხა ადგილობრივ, ცენტრალურ და აჭარის ბიუჯეტებს შორის არის გადანაწილებული. 

წარმატებით მიმდინარეობს პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“. სააგენტო ინვესტორებს მუდმივად სთავაზობს კომერციულად მიმზიდველ სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო ქონებას, მათ შორის ტურისტულ, სამრეწველო, სოფლის მეურნეობის და ლოგისტიკური მიზნებისთის საჭირო ობიექტებს. დღეის მდგომარეობით ელექტრონულ აუქციონებზე გამოტანილი უძრავი ქონების ჯამური საწყისი საპრივატიზებო საფასური 95 340 550 ლარს შეადგენს. 

პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მომხმარებელს  შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

 

სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს
დრო: 2021-08-23 11:47:33

წამგებიანი და უფუნქციო სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების ტემპი  აქტიურ ფაზაშია.  მიმდინარე წელს  სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ჯამში  პრივატიზებულია 5 სახელმწიფო საწარმო: შპს „საზღვაო ტექსერვისის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი , სს „მცხეთის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 3 372 ცალი აქცია, „თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის“ 100%-იან წილი ,შპს ,,ჭიათურის ავტოსადგურის’’  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 49%-იანი წილი და სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 27 246 ცალი ჩვეულებრივი აქცია, შედეგად კერძო სექტორში გადატანილი სახელმწიფო აქტივების ჯამურმა ღირებულებამ 2 506350 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მომავალშიც აქტიურად შესთავაზებს დაინტერესებულ პირებს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარმოებს, რათა მოხდეს მათი რესურსის  ეკონომიკურ აქტივობაში მაქსიმალური ჩართვა.

პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მომხმარებელს  შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.