ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" ეწვია

დრო: 2022-02-24 10:35:08

იცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეწვია, ორგანიზაციის მაღალი და საშუალო რანგის მენეჯმენტს შეხვდა და გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია მოისმინა.

პრეზენტაცია სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი დუგლაძემ გამართა. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია.

სააგენტოს თავმჯდომარემ ვიცე-პრემიერს გააცნო ორგანიზაციის სტრუქტურა, მისი ძირითადი მიზნები და ამოცანები, აგრეთვე მიაწოდა ინფორმაცია როგორც 2012 – 2021 წლებში გეგმის მიხედვით პრივატიზებიდან შემოსული თანხების შესახებ, აგრეთვე მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთაც სააგენტო ახორციელებს. მათ შორის, პროგრამას „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომელიც 2021 წელს ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ კიდევ უფრო გაფართოვდა. შედეგად, 2021 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 293 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 431 ობიექტი გასხვისდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს პროგრამის ფარგლებში 156 აუქციონი უკვე გამოცხადდა. პრეზენტაციის თანახმად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც 2014 წლიდან ბიზნესის სტიმულირების მიზნით ხორციელდება, უძრავი ქონება 128 ბენეფიციარს გადაეცა, მოსალოდნელი ინვესტიციის რაოდენობაა 232 მლნ ლარზე მეტი, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი - 11,000 - მდე ადამიანი.

პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა სააგენტოს მონაწილეობაზე ისეთ სახელმწიფო პროგრამებში, როგორიცაა „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია“, რომლის ფარგლებში პროგრამის 32 ბენეფიციარს 25-წლიანი იჯარით მიწა ჩაის პლანტაციების გაშენება - მოვლისათვის 577 ჰა მიწის ფართობი გადასცა. სააგენტო ასევე მონაწილეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბი - საძოვრების რადიონალურად გამოყენების პროგრამაში, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მეცხოველეობის განვითარებას.

გაწეული საქმიანობის ანგარიშის შემდეგ, ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა, რომ 2022 წელს სააგენტო გეგმავს, ჯამურად, 400 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების პრივატიზებას. მათ შორისაა, სახელმწიფო საწარმოები, სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწის ფართობები და სხვა, ასევე სააგენტოს სააგენტო გეგმავს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც გაამარტივებს სააგენტოში არსებულ პროცესებს.

შეხვედრის დასასრულს, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სააგენტოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. მისი თქმით, სამომავლოდ გაგრძელდება სახელმწიფო ქონების ეტაპობრივი განკერძოება, ზარალიანი საწარმოების რესტრუქტურიზაცია და გაგრძელდება პრივატიზების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ.