სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე სამტრედიის სასაწყობე მეურნეობას ეწვია

დრო: 2023-02-20 13:06:46

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე სამტრედიის სასაწყობე მეურნეობას ეწვია. სააგენტოს თავმჯდომარემ  USAID-ის  HICD პროგრამის დახმარებით განხორციელებულ მარაგებისა  და სასაწყობო ლოჯისტიკის მართვის სისტემის განვითარების პროექტზე და მის შედეგებზე ისაუბრა.

2022 წელს სააგენტომ  USAID-ის  HICD პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით განახორციელა მარაგების მართვისა და სასაწყობე ლოჯისტიკასთან დაკავშირებული საკითხების დეტალური შესწავლა,  შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და მარაგების მართვისა და სასაწყობო ლოჯისტიკის მართვის სისტემის განვითარება. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა საქონლის რეალიზაციის ვადის შემცირება, ბიზნეს პროცესების მართვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა და სასაწყობო ოპერაციების ოპტიმიზაცია.

„აღნიშნულმა სისტემურმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ზრდას და სახელმწიფო ქონების შეძენით დაინტერესებული პირებისთვის შეძენის ვადის შემცირებას, 2022 წელს, დასავლეთ საქართველოში მოძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა 4 მილიონ ლარამდეა, რაც 2021  წლის მაჩვენებელზე 1მლნ ლარით მეტია. ჩვენი მიზანია მეტად პროაქტიულად დავგეგმოთ 2023 წლის გაყიდვები. მნიშვნელოვანია USAID-ის  HICD პროგრამის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების სრულად განხორციელება, რათა უფრო მნიშვნელოვანი შედეგები გვქონდეს 2023 წელს.“ - განაცხადა გიორგი დუგლაძემ.