მთავრობის ხელშეწყობით, 2020 წლიდან დღემდე მოიჯარეებმა 988,3 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გამოისყიდეს
დრო: 2023-05-10 17:05:00
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა წარმატებით გრძელდება - მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ 8 მოიჯარეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე, მათზე იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, პროგრამით დადგენილი საფასურის გადახდის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაეცათ. პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემული ნაკვეთების საერთო რაოდენობა 40.9609 ჰა-ს, ხოლო საპრივატიზებო ღირებულება ჯამურად 737 758 ლარს შეადგენს.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2020 წლიდან ხორციელდება და დღეის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა 17,589,058 ლარის ღირებულების, 988,3 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 245 ერთეული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა შეძლეს.
პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიზნით ხორციელდება, ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო სახნავი და სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთების (რომლებზეც განხორციელებულია სამეურნეო სამუშაოები) მოიჯარეთათვის გამოსყიდვის შესაძლებლობის მიცემას, რაც ხელს უწყობს ფერმერული მეურნეობის განვითარებას და მათი შემოსავლების ზრდას.
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გადაცემული სასოფლო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა ხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 75%-ის გადახდის საფუძველზე.
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ყველა მოიჯარეს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.