„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამის“ ფარგლებში კიდევ რამდენიმე მოიჯარეს 38,9 ჰა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის უფლება მიეცა
დრო: 2024-02-27 10:02:00
აქტიურად გრძელდება საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წელს ინიცირებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება და დამატებითი აქტივების მოზიდვა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დამატებით 8 მოიჯარეს, ამბროლაურის, ხობის, წყალტუბოს, ლაგოდეხის, ახალციხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მათ მიერ იჯარით აღებული 13 ერთეული, ჯამურად - 38,9 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი/სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის უფლება მიეცათ.
უძრავი ქონების ჯამური საბაზრო ფასი 634 828 ლარს შეადგენს. გადაწყვეტილება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა ითვალისწინებს იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, რომლებზეც განხორციელებულია სამეურნეო სამუშაოები, მოიჯარეთათვის გამოსყიდვის შესაძლებლობის მიცემას. ამასთან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთების გამოსყიდვა ხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ფასის 75%-ის ოდენობით.
მთლიანობაში, 2020 წლიდან დღემდე პროგრამით 242 პირმა ისარგებლა. იჯარა-გამოსყიდვა განხორციელდა 295 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 365 ჰა მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ჯამური საპრივატიზებო ღირებულება 28 900 334 ლარს შეადგენს.აღსანიშნავია, რომ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნია სააგენტოს ყველა მოიჯარეს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.