დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესი აქტიურად გრძელდება

დრო: 2024-09-17 16:09:00

აქტიურად გრძელდება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის პროცესი  დევნილი მოსახლეობისთვის. მთავრობის მორიგი გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კიდევ 220 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაცემს საცხოვრებელ ფართებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ხაშურში, ხონში, წყალტუბოში, გარდაბანში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, წალენჯიხაში, ფოთში, ზუგდიდში, აბაშასა და სენაკში - ჯამში ეს არის  239 ერთეული ქონება, რომელიც დევნილ ოჯახებს საკუთრებაში დაუკანონდებათ.

გარდა ამისა,  ბინათმესაკუთრეთა სამ ამხანაგობას,  რომლებიც  469 დევნილ ოჯახს ( 1435 ადამიანს) აერთიანებს, თბილისში გადაეცემათ და დაუკანონდებათ საერთო სარგებლობაში არსებული ფართები (სხვენები, სარდაფები და ა.შ.), რომლებსაც არაკომერციულად, სხვადასხვა საჭიროებისთვის წლების განმავლობაში იყენებდნენ, მაგრამ ამ დრომდე არ ჰქონდათ საკუთრებაში დარეგისტრირებული.

გადასაცემ ქონებებზე შუამდგომლობა წარმოადგინა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შესაბამისად, ამ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის,  საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოხატა კეთილი ნება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს საცხოვრებელი ფართები და მიწის ნაკვეთები, საკუთრების უფლებით დაუკანონდეთ მათ ფაქტობრივ მფლობელებს.