სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

დრო: 2025-07-18 13:07:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის  ხელშეწყობა.

დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით  გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერადი აღნაგობის უფლების საზღაური შეადგენს 1 ლარს, ხოლო სარგებლობის მეთერთმეტე და შემდგომ წლებში, აღნაგობის უფლების საზღაური განისაზღვრება საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, რომელიც დადგინდება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომელიც სახელმწიფოს შესთავაზებს მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის/განვითარების საინვესტიციო პროექტს და რომელსაც არ გააჩნია საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

მეწარმე სუბიექტის მოთხოვნა პროგრამის ფარგლებში შესაბამისი უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე წარედგინება ეკონომიკის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც შესაბამისი უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის შესაძლებლობის მოკვლევის შემდგომ, საკითხს განსახილველად წარუდგენს საქართველოს სპორტის სამინისტროს.

პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტებს, აღნაგობის უფლებით გადასაცემი სავარაუდო უძრავი ქონების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გაცნობის მიზნით წარმოგიდგენთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას: