ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლებმა ტრენინგი გაიარეს
დრო: 2015-07-17 00:07:00
17 ივლისს, ქალაქ ქუთაისში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი–რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოთა თანამშრომლებისათვის ტრენინგი გამართა.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოთა საქმიანობის, ფინანსური ანგარიშგების პროცესის სრულყოფა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
ტრენინგი ორი მოდულისაგან შედგებოდა.
პირველ მოდულში განხილული იყო სახელმწიფო საწარმოთა მონაცემთა შეგროვების განახლებული ფორმა (Data Collection Template) და ინსტრუქცია მონაცემთა შეგროვების ფორმის შევსების შესახებ. ასევე, განხორციელდა ფინანსური უწყისების შევსებისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი.
მონაცემთა შეგროვების ფორმა ძირითადად განკუთვნილია ფინანსური ხასიათის ანგარიშებისთვის. აღნიშნული ფორმის ძირითად მიზანს წარმოადგენს ყოველწლიური ფინანსური უწყისების, იურიდიული ინფორმაციის და საოპერაციო მონაცემების შეგროვება და საბოლოოდ ანგარიშის სახით წარდგენის პრინციპების ჩამოყალიბება.
მეორე მოდული მოიცავდა სახელმწიფო საწარმოთა საკუთრებაში რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესს, საწარმოთა რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის და საწარმოების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცედურებს.
ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში სააგენტო, სახელმწიფო საწარმოთა თანამშრომლების ტრენინგების შემდეგი ეტაპის ჩატარებას 2015 წლის აგვისტოს თვეში თბილისში გეგმავს.