უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნება გრძელდება

დრო: 2017-02-10 14:30:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“  მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ოთხ დაზარალებულ მოქალაქეს და ერთ იურიდიულ პირს - კომპანია „აკვარიუმს“  2010-2011 წლებში მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონება საკუთრებაში გადასცა.

კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალეტის სოფელ გონიოში მდებარე 1403 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარიათში მდებარე 200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ქ. ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე 54.30 კვ.მ ბინა, “Hyundai tucson”-ის მარკის ავტომანქანა, ასევე  5 ერთეული „Hyundai IX35” და 1 ერთეული “Hyundai sonata”-ს მარკის ავტომანქანა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2010-2011 წლებში ადგილი ჰქონდა  ზემოხსენებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე ზეწოლას, კერძოდ, უძრავი და მოძრავი ნივთების სახელმწიფოსათვის იძულებით გადაცემის ფაქტს. გადაწყვეტილება ქონებების დაბრუნების შესახებ  9 თებერვლის მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.