ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება
დრო: 2015-07-28 00:00:00
სასტუმრო "რედისონში" თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს", ასევე ეკონომიკის სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიას" და "თიბისი ჯგუფის" კომპანია "ჯიარდისი ჰოლდინგში" შემავალ შპს "ახალ მიტარბს" შორის.
მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა, შპს "მთის კურორტების ასოციაციის" დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და შპს "ახალი მიტარბის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმი ბაკურიანის და მიტარბის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და განვითარებას ითვალისწინებს, კერძოდ დაინერგება ოთხ სეზონური მთის კურორტის კონცეფცია, რაც ხელს შეუწყობს მთის ტურიზმის შემდგომ პოპულარიზაციას საქართველოში. ბაკურიანში "კოხტას მთაზე" მოხდება ახალი საბაგიროს დამონტაჟება, შუალედური სადგურით, რომლის მშენებლობა 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება. მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი აშენდება 500 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა - სასტუმროები, სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, კოტეჯები, კვების და გასართობი ობიექტები. მიტარბიში "კოხტა 2"-ის სახელით ცნობილ მთაზე დამონტაჟდება 2 საბაგირო და კოხტას მთასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო საბაგირო, რომლის მშენებლობა 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება. მიმდებარე ტერიტორიაზე კი აშენდება 300 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა. საბაგიროს მშენებლობას განახორციელებს სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია "დოპელმაიერი".
"ჩვენი მხრიდან მოხდება 48 მილიონი ლარის ინვესტირება, ხოლო კერძო კომპანიის მხრიდან დაახლოებით 70 მილიონი ლარის. ეს იქნება ყველაზე თანამედროვე სტანდარტების ძალიან მაღალი დონის დაგეგმარებული და ახლიდან შექმნილი კურორტი. ეს ინვესტიცია, არა მხოლოდ ამ კუთხეს, არამედ მთლიანად საქართველოს მოუტანს ძალიან დიდ სარგებელს. მე მიხარია, რომ ასეთი მოდელი პირველად ხორციელდება საქართველოში, საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის პარტნიორობის მოდელი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მოდელს გამოიყენებს არა მხოლოდ ბაკურიანში, არამედ ყველა სხვა სამთო-სათხილამურო კურორტის მიმართულებით.