მცხეთაში, სოფელ აღდგომიანთკარში ცხოველების საკვების საწარმო შეიქმნება

დრო: 2017-02-21 16:02:00

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღდგომიანთკარში  შპს „GOLDEN GRAINS“ ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების მწარმოებელ საწარმოს შექმნის. კომპანია აღნიშნული მიმართულებით  174 980 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე გაზრდის ქართული პროდუქციის წარმოების რაოდენობას და დადებითად აისახება ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე.  კომპანია წლიურად არანაკლებ 5000  ტონა ცხოველების საკვების წარმოებას გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში „GOLDEN GRAINS“  მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღდგომიანთკარში მდებარე 3877.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა.

ამასთან, გაცნობებთ, რომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილია 226 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს  505 420 000 ლარს.