პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ გრძელდება

დრო: 2017-02-23 15:03:26

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ამბროლაურში, ბრატისლავა-რაჭის ქუჩაზე  მდებარე 2005 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. ქონების საწყისი ღირებულება  162 000 ლარს შეადგენს.  აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია უძრავ ქონებაზე მოაწყოს  არანაკლებ 30 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის შესაძლებელი ბმულზე https://www.eauction.ge/Home/EntityView/410038

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და  უკვე სამი ობიექტია გაყიდული. ქ. თბილისში გორგასლის შესახვევში, N5-ში მდებარე ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის მაგივრად 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება. ახალი სასტუმრო მოეწყობა  განახლებულ აღმაშენებლის ქუჩაზეც,  ყოფილი ფოსტის შენობის ადგილზე.  ასევე რაჭაში  ონის რაიონში, სოფელ უწერაში მალე 12 ნომრიანი სასტუმრო განთავსდება. დღეის მდგომარეობით, ჯამში 10 390 000 ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა, ხოლო სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 15 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა. საქართველოში ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების რაოდენობის ზრდამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.