სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე ქ. თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N 21-ში მდებარე უძრავი ქონება გასაყიდად გამოიტანა

დრო: 2015-08-21 00:08:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2015 წლის 20 აგვისტოს გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი ქ. თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N 21-ში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 3841 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 4549,03 კვ.მ. შენობა-ნაგებობების პრივატიზების მიზნით. ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება შეადგენს 8 200 000 ლარს.

აღნიშნული ქონება განთავსებულია თბილისის ერთ–ერთ უძველეს ისტორიულ და ტურისტულად დატვირთულ ნაწილში. ობიექტიდან 600მ-ის მანძილზე მდებარეობს თავისუფლების მოედანი, ხოლო 700 მ-ის დაშორებით განთავსებულია საქართველოს პარლამენტი. აღსანიშნავია, რომ ობიექტის მახლობლად არსებული სამთო საბაგირო რკინიგზა თვეში საშუალოდ 20 000-მდე ტურისტის მთაწმინდის პარკში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რაც ობიექტის მიმდებარე ტერიტორიას ტურისტულად აქტიურს ხდის.

საპრივატიზებო ობიექტი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 5-ში, განაშენიანების კოეფიციენტებიაK1-0,5; K2-2,1; K3-0,1.

დედაქალაქის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილში  მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხელსაყრელია როგორც დეველოპერული მიზნებისთვის, ასევე სასტუმრო კომპლექსის  ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

ელექტრონული აუქციონიდასრულდება 18 სექტემბერს 17:00 საათზე.