მორიგი ჩაის საწარმო მარტვილში გაიხსნება
დრო: 2017-03-02 16:03:00
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს ,,მეგრულ ჩაის“ 25 წლის ვადით იჯარით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტალერში მდებარე 165 465 კვ.მ. და ამავე მუნიციპალიტეტში, სოფელ კურზუში მდებარე 182 790 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.
კომპანია უზრუნველყოფს ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, ექსპლუატაციაში მიღებასა და აღჭურვას. უახლოეს მომავალში, ქართულ ბაზარზე, სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემის (HACCP) შესაბამისი ჩაი გამოვა.
შპს ,,მეგრულ ჩაის“ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაის“ ფარგლებში გადაეცა. სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირა 1 742 ლარს შეადგენს.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქარული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.