თბილისში ლეიბების საწარმო შეიქმნება

დრო: 2017-03-31 17:03:00

უახლოეს მომავალში სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „Toma“-ს თბილისში, ქინძმარაულის ჩიხი #4-ში  მდებარე 671 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა  გადასცა. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კომპანია ლეიბების მწარმოებელი საწარმოს შექმნის, რისთვისაც  არანაკლებ 472 350 ლარის ინვესტიციას განახორციელებს  და დაასაქმებს 30 ადამიანს.

ახალი საწარმო  ორი წლის განმავლობაში სულ მცირე  6 000 ცალი ლეიბის  წარმოებას უზრუნველყოფს. კომპანიის მონაცემებით პროდუქციის სარეალიზაციო ფასი 140 –  170 ლარის ფარგლებში იქნება.

შპს „Toma“ ბაზარზე უკვე 7 წელი  პოზიციონირებს და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახის  სახელმწიფო ტენდერებში.   პროგრამა „ააწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია შეძლებს წარმოების გაფართოვებას და უფრო მეტი პროდუქციის რეალიზებას.