ახალციხეში სამშენებლო საწარმო შეიქმნება

დრო: 2017-03-31 17:03:00

შპს „დემეტრე და კომპანია” ახალციხეში სამშენებლო მასალის მწარმოებელ საწარმოს შექმნის. საწარმო მომხმარებელს რამდენიმე სახეობის პროდუქციას შესთავაზებს, კერძოდ, თბოიზოლირებულ სამშენებლო ბლოკს, ბეტონის ბლოკს, სანიაღვრე არხს, მოსაპირკეთებელ ფილას და ბორდიურს. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი მომწოდებლებისგან შეისყიდის და წარმოებული პროდუქციაც   ლოკალური ბაზრისთვის იქნება  გათვლილი.

ინფრასტრუქტურის მოწყობისა და წარმოების დაწყებისთვის კომპანია მინიმუმ  1 078 320 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.  საწარმოში ჯამში 110 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „დემეტრე და კომპანია”-ს  ახალციხეში, ადიგენის ქუჩა #2-ში მდებარე 34 494 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა.