ახალციხეში ხილის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება
დრო: 2017-04-25 17:04:00
უახლოეს მომავალში სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ქალაქ ახალციხეში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება. საწარმოში პროდუქცია ადგილობრივი ფერმერებისაგან შეძენილი ნედლეულისგან დამზადდება და სამი სახეობის პროდუქციას გამოუშვებს, კერძოდ, ვაშლის კონცენტრატს, ხილის უშაქრო წვენებს და ხილის სიროფს. კომპანია აღნიშნულ უძრავ ქონებაზე 532 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 29 ადამიანს დაასაქმებს. საწარმო 2 წლის განმავლობაში ყოველწლიურად უზრუნველყოფს მინიმუმ 1 600 ტონა პროდუქციის გადამუშავებასა და რეალიზაციას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ბიო ფ.ჯ“–ს ქალაქ ახალციხეში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ 16 625.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა.
შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილია 246 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 565.75 მლნ ლარს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 297.07 მლნ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 10,994 ადამიანი.