სააგენტოს თავმჯდომარე ფერმერთა ასოციაციის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო

დრო: 2015-12-16 00:12:00

15 დეკემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-ში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეგიონული ტურნეს შემაჯამებელი, გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო სააგენტოებისა და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. მოწვეულ წევრებს შორის იყო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სისაური.  შეხვედრის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისათვის სოფლის მეურნეობის დარგში დღეს არსებული გამოწვევების წარდგენა.  შეხვედრაზე მიღწევების გარდა,  საუბარი შეეხო ფერმერთა წინაშე არსებულ სირთულეებსაც.

გასული თვის განმავლობაში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე შეხვდა ფერმერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, გურია, ქვემო ქართლი, კახეთი, შიდა ქართლი და იმერეთი). შეხვედრებისას ფერმერებს დაურიგდათ „ფერმერთა გზამკვლევი", ასევე, მათ გადაეცათ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დამზადებული „აუქციონში მონაწილეობის მიღების ინსტრუქცია", რაც ფერმერთა უკეთ ინფორმირებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ დაიწყება მუშაობა გამოვლენილი პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრის სტრატეგიაზე, რომელიც ფერმერებს ახალი რეგიონული ტურნეს ფარგლებში წარედგინებათ.