სამუშაო შეხვედრა სააგენტოსა და საიას წარმომადგენლებს შორის
დრო: 2015-12-17 00:12:00
16 დეკემბერს ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს წარმომადგენელის ნატალია ბარათაშვილის ორგანიზებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სააგენტოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მირიან ჩაჩავა, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან მენაბდე, საწარმოთა მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ზღუდაძე და დაგეგმვისა და კონტროლის სამსახურის უფროსი მაკა მიქაბერიძე, ხოლო საიას მხრიდან - სულხან სალაძე, გულისა კახნიაშვილი, ნინო სუხიშვილი და თავად ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს წარმომადგენელი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოთა ოპტიმიზაციის პროცესი, მართვის პრობლემური საკითხები, მენეჯერული რგოლისა და დირექტორების კონკურენტული შერჩევის გზით დანიშვნის შესაძლებლობა, საწარმოების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და კორუფციის რისკების პრევენციის საკითხები. ასევე, განხილულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება. მხარეებს შორის გამოითქვა მოსაზრება სააგენტოსა და საიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე, ასევე საზოგადოების ინფორმირების მიზნით საჯარო დისკუსიის გამართვის შესაძლებლობა. გარდა ამისა, შეხვედრაზე იმსჯელეს ექსპერტის მოწვევისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობაზე, რისთვისაც პირველ ეტაპზე მოხდება იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომლებზეც მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება.სააგენტო მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან სხვადასხვა პრობლემური საკითხების განსახილველად.