ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება გაიხსნება

დრო: 2016-02-05 00:02:00

სამედიცინო სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით,  შპს „დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის“ 95%-იანი წილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“  200 000 ლარად შპს „ლჯ და კო - ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრს“ საკუთრებაში გარკვეული პირობებით გადასცა. 
სახელმწიფოს წინაშე ინვესტორი  ვალდებულებას იღებს, რომ 18 თვის ვადაში მინიმუმ 2 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას  განახორციელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება 68 საწოლზე იქნება გათვლილი.
სამედიცინო ცენტრში განთავსდება: 
•    არანაკლებ 18  საწოლზე გათვლილი ტუბერკულოზის და ფილტვის  განყოფილება;
•    არანაკლებ 6 საწოლიანი  კრიტიკული მდგომარეობისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილება;
•    არანაკლებ 6 ბოქსირებული ინტენსიური პალატა ბოქსის წინა ოთახებით განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებათა მკურნალობისათვის;
•    ვირუსული დაავადებების (მათ შორის ჰეპატიტების, შიდსისა და სხვა) მკურნალობისათვის არანაკლებ  20  საწოლზე გათვლილი განყოფილება;
•    ნაწლავური და ჰაერწვეთოვანი ინფექციური დაავადებების მკურნალობისთვის არანაკლებ 18   საწოლიანი განყოფილება; 
•    მრავალპროფილური ამბულატორიული დიაგნოსტიკური განყოფილება, რომელიც აღჭურვილი იქნება ბიოუსაფრთხოების მე - 2 დონის მრავალპროფილური ლაბორატორიით.
•    ასევე აშენდება დამხმარე მასალების და სამედიცინო ნარჩენების ინსინერატორი.