სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებიან

დრო: 2017-05-30 11:05:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ეკატერინე სისაურის ხელმძღვანელობით  სააგენტოს პრივატიზებისა და საწარმოთა მართვის თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან გერმანიაში, ქალაქ ბერლინში, სადაც შეხვედრებს მართავენ  გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების პრივატიზებასა და მართვასთან დაკავშირებული გამოცდილების მხარეებს შორის გაზიარება, რასთან დაკავშირებითაც სააგენტოს თავმჯდომარემ - ეკატერინე სისაურმა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის პრივატიზების, ინდუსტრიული ჰოლდინგის და ფედერალური ქონების მიმართულების დირექტორმა -  იოჰანეს შმალზელმა  ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლების მემორანდუმს. თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა მხარეებს შორის გრძელვადიანი ურთიერთობა და თანამშრომლობის ფორმატი,რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილების გერმანული მხარის მხრიდან  გაზიარებას  და  არსებული ინფორმაციის რეგულარულ ურთიერთგაცვლას.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხორციელდება მთელი რიგი ფუნდამენტალური რეფორმები, რომელიც საშუალებას აძლევს ქვეყანას კიდევ უფრო მიუახლოვდეს ევროპას. სწორედ ამიტომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა როგორიცაა პრივატიზაცია და სახელმწიფო ქონების  მართვა არის ძირითადი გამოწვევა საქართველოს ეკონომიკისთვის“ - ნათქვამია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის განცხადებაში.