წალენჯიხის რაიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდება

დრო: 2017-06-08 16:06:00

წალენჯიხის რაიონის სოფლებში ეწერში, საჩვენოში და ჯვარში 98 ჰექტარი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ქართული ჩაის წარმოების ზრდას და გააუმჯობესებს ნედლეულის ხარისხს.  კომპანია წალენჯიხის რაიონში წარმოებულ ქართულ ჩაის ექსპორტზე ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაიტანს.  

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „ჯვარი–91“–ს 25 წლის ვადით იჯარით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადასცა. შპს „ჯვარი–91“ 100 სამუშაო ადგილს შექმნის.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქარული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.