ქალაქ ფოთში ახალი სასაწყობო მეურნეობა შეიქმნება

დრო: 2016-05-13 00:05:00

ქალაქ ფოთში ღია ტიპის, ერთდროულად არანაკლებ 150  ერთეული, 40 ფუტის ტევადობის საზღვაო კონტეინერის განთავსების შესაძლებლობის მქონე სასაწყობო მეურნეობა აშენდება. ამ მიზნით, არანაკლებ 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ახალი კონტეინერების საწყობის მშენებლობას კომპანია „აისბერგ ფოთი" უზრუნველყოფს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „აისბერგ ფოთს" ქ. ფოთში, ლარნაკას ქუჩა N7-ში მდებარე 2248 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 150 000 ლარად საინვესტიციო პირობებით გადასცა.

ტერმინალის მოწყობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტვირთების გადამუშავების ტემპის გაზრდას. ასევე გაიზრდება ტერმინალის ტევადობა, შესაბამისად შესაძლებელი იქნება შუა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის განკუთვნილი ტვირთების დამატებითი რაოდენობების მოზიდვა. პროექტი დადებითად წაადგება ფოთისა და ზოგადად ქვეყნის სატრანზირო ფუნქციის ზრდას.