სოფელ არშაში რძის პროდუქტების საწარმო გაიხსნება
დრო: 2017-07-12 17:07:00
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ არშაში რძის პროდუქციის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება. საწარმო რძის, მაწვნის და ყველის წარმოებას შეძლებს, რისთვისაც საჭირო ნედლეულს ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს. ინფრასტრუქტურის მოწყობისა და წარმოების დაწყებისთვის კომპანია მინიმუმ 342 400 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალ საწარმოში 14 ადამიანი დასაქმდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ნედლი რძე“–ს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ არშაში მდებარე 2 140 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა.
ამასთან, გაცნობებთ, რომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილია 288 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 657, 63 მლნ. ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 11, 634 ადამიანი.