ახალი საწარმო რომელიც ოზურგეთში გაიხსნება ტანსაცმელს ZARA-ს და სხვა ცნობილ ბრენდებს შეუკერავს

დრო: 2017-08-31 17:08:00

ახალი საწარმო რომელიც ოზურგეთში გაიხსნება ტანსაცმელს ZARA-ს და სხვა ცნობილ ბრენდებს შეუკერავს

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში  შპს „ოზურგეთი გარმენთ“  საფეიქრო საწარმოს ააშენებს.  პროექტის განსახორციელებლად კომპანიას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ოზურგეთში, კ.მეგრელიძის ქუჩაზე მდებარე 89 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები  გადასცა.

 შპს „ოზურგეთი გარმენთ“ -ის დამფუძნებელი ფლობს საფეიქრო საწარმოო ქსელს „BAYKANLAR”, რომელიც თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან როგორებიც არიან  ZARA, MANGO, MASSIMO DUTTI  და ა. შ.

ახალი საწარმო წლიურად არანაკლებ 2 მლნ ერთეული ჯინსის ქსოვილის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. სამკერვალო ფაბრიკის ასაშენებლად 1,7 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და  დამატებით 350-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 287 სხვადასხვა მიმართულების პროექტი.