სახელმწიფო საწარმო იყიდება

დრო: 2016-06-24 00:06:00

სენაკის რაიონის სოფელ გეჯეთში არსებული შპს „გეჯეთის თევზი“, რომლის 100%-იან წილსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს პირობიან ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. აუქციონის პირობების მიხედვით ობიექტზე მინიმუმ 1 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ასევე, ინვესტორი ვალდებულია უზრუნველყოს თევზის გადამამუშავებელი ქარხნის და სამაცივრე მეურნეობის შექმნა.

შპს „გეჯეთის თევზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%–იანი წილის საწყისი საპრივატიზებო საფასური 52 000 ლარს შეადგენს და აუქციონი პირველ ივლისს დასრულდება.

2012 წელს სახელმწიფო საწარმოთა რაოდენობა 490-ს უტოლდებოდა. ოპტიმიზაციის გეგმის ეფექტურად განხორციელების, მათ შორის გარკვეული საწარმოების პრივატიზების შედეგად, სააგენტომ საწარმოების რაოდენობა 331-ით შეამცირა. ამჟამად სახელმწიფოს მართვაში 159 საწარმოა. სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორში გადატანის პროცესს.