ოზურგეთში, დაბა ლაითურში ჩაის პლანტაცია გაშენდება

დრო: 2016-07-07 00:07:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „ლუკა 2010“-ს 79 980 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 25 წლის ვადით დროებით სარგებლობაში გადასცა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი კომპანიას ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაის“ ფარგლებში გადაეცა. სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირა 400 ლარს შეადგენს.

ასევე, პროექტის ფარგლებში შპს „ლუკა 2010“-ს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ჩაის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70% დაუფინანსებს.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას.