თბილისში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება

დრო: 2016-07-21 00:07:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს  „ოლიმპიკს” ქალაქ თბილისში, ნოდარ ბოხუას ქუჩა N13-ში მდებარე 29 322 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა. აღნიშნული ქონება სააგენტომ შპს „ოლიმპიკს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 000 000 ლარად გადასცა.

გადაცემულ უძრავ ქონებაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა არის დაგეგმილი. კომპლექსი მოიცავს სპორტულ მოედნებს, 2 000 ადამიანის ტევადობის ტრიბუნას, კვების ობიექტებს და ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებს. სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის და ინფრასტრუქურის მოსაწყობად შპს „ოლიმპიკი“ მთლიანობაში 4 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.