სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
დრო: 2015-08-17 00:00:00
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მირიან ჩაჩავამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის მიზანია დევნილთა განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა, მათთვის გადასაცემი საერთო სარგებლობის ფართების იდენტიფიცირება, გადაცემის უზრუნველყოფა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემული საერთო სარგებლობის ფართებზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამ მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში გასცემს წერილობით თანხმობას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნასთან და წევრობასთან დაკავშირებით დევნილთა განსახლების იმ მრავალბინიან სახლებში, რომელშიც სახელმწიფო საკუთრებაშია საცხოვრებელი და საერთო სარგებლობის ფართების ნაწილი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო კი განიხილავს დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები უძრავი ქონების მესაკუთრეთა განცხადებებს სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შუამდგომლობის შესახებ, ამზადებს იმ განსახლების ობიექტების სიას, სადაც უნდა შეიქმნას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კი უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემული საერთო სარგებლობის ფართებზე, საკუთრების უფლების კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას. მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, თუ რომელიმე მხარე არ შეატყობინებს მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.