ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლებმა ტრენინგი გაიარეს
დრო: 2015-08-12 00:00:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოთა თანამშრომლებისათვის ტრენინგის მეორე ეტაპი გამართა. ეკონომიკის სამინისტროს შენობაში გამართულ ტრენინგს 44 საწარმოს 60 წარმომადგენელი დაესწრო.
ტრენინგის მიზანი იყო საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოთა საქმიანობის, ფინანსური ანგარიშგების პროცესის სრულყოფა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ტრენინგი
ორი მოდულისაგან შედგებოდა. ტრენინგს სახელმწიფო საწარმოთა მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ზღუდაძე და ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი კაპანაძე უძღვებოდნენ.
პირველ მოდულში განხილულ იქნასახელმწიფო საწარმოთა მონაცემთა შეგროვების განახლებული ფორმა (Data Collection Template), წარმოდგენილი იყო ინსტრუქცია მონაცემთა შეგროვების ფორმის შევსების შესახებ. ასევე, განხორციელდა ფინანსური უწყისების შევსებისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი.
მონაცემთა შეგროვების ფორმა ძირითადად განკუთვნილია ფინანსური ხასიათის ანგარიშებისთვის. აღნიშნული ფორმის წარმოების ძირითად მიზანს წარმოადგენს ყოველწლიური ფინანსური უწყისების, იურიდიული ინფორმაციის და საოპერაციო მონაცემების შეგროვება და საბოლოოდ ანგარიშის სახით წარდგენის პრინციპების ჩამოყალიბება.
მეორე მოდული მოიცავდა სახელმწიფო საწარმოთა საკუთრებაში რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესს, საწარმოთა რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის და საწარმოების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცედურებს.
ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოთა თანამშრომლებისთვის ტრენინგების პირველი ეტაპი სააგენტოს იმერეთ–რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრში გაიმართა.