ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის დღის ცენტრი გაიხსნა

დრო: 2017-12-18 16:30:46

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის დღის ცენტრის მოწყობის მიზნით  ორგანიზაციას „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“  ქალაქ ბორჯომში მდებარე 567.09 კვ.მ. ფართი 20 წლის ვადით სარგებლობაში გადასცა.

ცენტრის საზეიმო გახსნა დღეს შედგა. ამიერიდან  ბორჯომის რაიონის ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ხარისხიანი მომსახურება და ისინი იცხოვრებენ უფრო აქტიური და დამოუკიდებელი ცხოვრებით.   ეს პირველი ასეთი დღის ცენტრი იქნება მთელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.  დღის ცენტრი  დაფინანსებულია ბულგარეთის განვითარების ორგანიზაციის მიერ. გაეროს ბავშვთა ფონდმა  მოახდინა შენობის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა აუცილებელი ინვენტარით.

დღის ცენტრი 6-დან 18 წლამდე 30 ბავშვს შესთავაზებს სხვადასხვა სახის მომსახურებას, როგორიცაა არაფორმალური განათლება, თერაპიული  აქტივობები და სოციალური უნარების განვითარება. კვება და ცენტრამდე  ტრანსპორტირება შეადგენს მომსახურების ნაწილს.

ცენტრში დასაქმდა 40-მდე თანამშრომელი და მოხდა მათი გადამზადება  კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რათა თითოეულმა ბავშვმა მიიღოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვა და შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება.