ორხევის დასახლებაში კოსმეტიკური ძაფების საწარმო აშენდება

დრო: 2018-02-21 12:31:16

შპს „აპტოსი“ თბილისში, ორხევის დასახლებაში კოსმეტიკური ძაფების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებითა და დანადგარებით იქნება აღჭურვილი. ახალი  საწარმო უნიკალური იქნება თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მასში 75 ადამიანი დასაქმდება და არანაკლებ 2 340 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტის მხარდასაჭერად შპს „აპტოსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ორხევის დასახლებაში, მექანიკური ქარხნის მიმდებარედ 10 000 კვ.მ.  მიწის ნაკვეთი გადასცა.

შპს „აპტოსი“ 1996 წლიდან აწარმოებს სახის და სხეულის კანის გადასაჭიმ ძაფებს, რაც წარმატებით გამოიყენება როგორც პლასტიკურ და ესტეტიკურ ქირურგიაში, ასევე დერმატო-კოსმეტოლოგიაში.

ახალი საწარმოს აშენებით, კომპანია  წარმოების თითქმის ყველა ეტაპს გერმანიიდან საქართველოში გადმოიტანს,  რითიც შემცირდება საწარმოო ციკლის დრო და გაიზრდება წარმოების მოცულობა. „აპტოსი“ 2021 წლამდე აშშ-ს,ბრაზილიის, ავსტრალიის და ჩინეთის ბაზრებზე შესვლას პროგნოზირებს.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 336 პროექტი რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 815 მლნ ლარზე მეტია.  კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში 419 მლნ ლარზე მეტია, ხოლო აღნიშნული პროექტებით ჯამში 13,300-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.