„50 ქონება შენი სასტუმროსათვის“პროექტის ფარგლებში ყოფილი სანატორიუმი ივერია გაიყიდა

დრო: 2018-03-14 17:31:53

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში შპს „ივერია პალასს“ საინვესტიციო ვალდებულებით ყოფილი „სანატორიუმი ივერია“  500 000 ლარად გადასცა.

საინვესტიციო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კომპანია  უზრუნველყოფს სულ მცირე 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 60 ადამიანის დასაქმებას.

წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი „ივერიას“ ტერიტორიაზე 130 ნომერის მქონე სასტუმრო აშენდება, რომელშიც განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი და მინიმუმ 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 48 311 501 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ამასთან სასტუმროს ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა სულ მცირე 81 200 000 ლარს შეადგენს.