კურორტ ლიბანში ყოფილი სანატორიუმი გაიყიდა

დრო: 2018-03-14 17:33:05

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს– სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში კონკურენციის პირობებში 22 ბიჯით აუქციონზე 1 003 000 ლარად კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ლიბანში მდებარე ყოფილი „სანატორიუმი ლიბანი“ გაყიდა.

რამდენიმე წელიწადში დამსვენებლებს მე–19 საუკუნის პირველ ნახევარში –  ამპირის სტილში აშენებული, განახლებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სულ მცირე 70 ნომრის მქონე სასტუმრო უმასპინძლებს. სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებული იქნება რესტორანი, ღია და დახურული ტიპის აუზი და  40 ავტომობილზე გათვლილი საკუთარი ავტოსადგომი. სასტუმროს მოსაწყობად ინვესტორი 8 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 49 314 501  ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა მინიმუმ 98 200 000 ლარს შეადგენს.