„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარი წარმოების გაფართოვების მიზნით სახელმწიფოსგან 1 605 000 ლარად მომიჯნავე ქონებას ყიდულობს

დრო: 2018-05-08 16:47:45

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარი წარმოების გაფართოვების მიზნით სახელმწიფოსგან  1 605 000 ლარად მომიჯნავე ქონებას ყიდულობს

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“  ბენეფიციარი შპს „ქოჩკაბლო“, რომელიც ქ.თბილისში, საქნავთობის დასახლებაში სახელმწიფოს მიერ გადაცემულ უძრავ ქონებაზე სპილენძისა და ალუმინის მწარმოებელ საწარმოს აშენებს, რისთვისაც 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, ფართოვდება და  მომიჯნავედ არსებულ 22 206 კვ.მ. მიწის ნაკვეთს სახელმწიფოსგან 1 605 000 ლარად აუქციონზე ყიდულობს.  ახალი  საწარმო დამატებით 50-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და თავის საქმიანობას მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელებს, რაც უზრუნველყოფს სრულად ავტომატიზებულ წარმოებასა და დაბალ საწარმოო ფასს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ქოჩკაბლოს“, ქალაქ თბილისში, სამრეწველო ზონაში, ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე 9502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა–ნაგებობა საინვესტიციო ვალდებულებით, საწარმოს ასაშენებლად  გადასცა.