კურორტი "ახტალა" სახელმწიფო აუქციონზე იყიდება
დრო: 2018-05-25 11:10:01
სამკურნალო ტურიზმის განვითარების მიზნით პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე რეკრეაციული საკურორტო კომპლექსი სს „კურორტი ახტალას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 549 156 ცალი აქცია გასაყიდად გამოიტანა. აქციათა საწყისი ფასი 3 755 000 ლარს შეადგენს.
ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია, სადაც მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვადასხვა დაავადებებს. ახტალას ტალახის სამკურნალო თვისებებიდან გამომდინარე კურორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ, მათ შორის ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.
საპრივატიზებო პირობის მიხედვით მყიდველმა უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 12 000 000 ლარის ინვესტიცია და 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის მოწყობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებს, რესტორნებს, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ ცენტრს და სულ მცირე 50 ავტომობილზე გათვლის ავტოსადგომს. ამავე დროს მყიდველმა სასტუმრო კომპლექსში უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 50 ადამიანის დასაქმება და კურორტზე დასაქმებულთა სულ მცირე 80%–თან, მათივე თანხმობის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება.
აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.eauction.ge/Home/EntityView/522020