თელავში ყურძნის წვენის საწარმო შეიქმნება

დრო: 2018-06-12 11:21:53

 

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტში წვენებისა და დამატკბობლების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება. საწარმოს ასაშენებლად და საქმიანობის დასაწყებად 399 840 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ახალი საწარმო 100%–ით ნატურალური ყურძნისგან დამზადებულ წვენებს აწარმოებს. ნედლეულის ჩაბარება კახეთიდან, კერძოდ მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობიდან მოხდება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისათვის მუდმივი შემოსავლის გაჩენას რთველის პერიოდში. საწარმო ყურძნის წვენის გარდა სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის წვენებსაც აწარმოებს, რომელთა წლიური მოცულობა 200 ტონას შეადგენს.

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, თელავში, სადგურის ქუჩაზე მდებარე 7 662 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა–ნაგებობა შპს „ნატვიტს“ გადასცა.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე მხარდაჭერილია 356 პროექტი,  რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 870 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით ჯამში  14 000- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.