სს „კურორტი ახტალა“ 3 760 000 ლარად გაიყიდა

დრო: 2018-06-28 10:26:58

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე რეკრეაციული, საკურორტო კომპლექსი – სს „კურორტი ახტალა“ 3 760 000 ლარად გაყიდა. კურორტი შპს  „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიამ“ შეიძინა.

საპრივატიზებო პირობის მიხედვით მყიდველმა უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 12 000 000 ლარის ინვესტიცია და 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის მოწყობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებს, რესტორნებს, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ ცენტრს, ასევე, სულ მცირე 50 ავტომობილზე გათვლის ავტოსადგომს. ამავე დროს, მყიდველმა სასტუმრო– კომპლექსში უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 50 ადამიანის დასაქმება და კურორტზე დასაქმებულთა 80%–თან, მათივე თანხმობის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება. 

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ეს უკვე რიგით მეოცე გაყიდული ობიექტია.  შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჯამში გაყიდულია 57  მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 121 მილიონზე მეტს შეადგენს.