თბილისში პლასტმასის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება

დრო: 2018-11-05 16:36:15

თბილისში პლასტმასის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება

 „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ქალაქ თბილისში პლასტმასის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება. საწარმოს ძირითადი მიმართულება სარწყავი ლენტის წარმოებაა, რომელიც ერთ წლიან აგრო კულტურაზე მორგებულ წყლის წერტილოვანი მიწოდების სისტემას წარმოადგენს. პროდუქციის წლიური მოცულობა 200 ტონას შეადგენს. ინვესტორი საწარმოს აღჭურვისა და ფუნქციონერებისათვის 2 068 914 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და პირველ ეტაპზე 17 ადამიანს დაასაქმებს.

 სარწყავი ლენტი პოლიეთილენისგან იწარმოება და სოფლის მეურნეობაში აქტიურად გამოიყენება. აღნიშნული სარწყავი სისტემა გამოყენებული წყლის რაოდენობას 60%–ით ამცირებს, ხოლო მოსავლიანობას კი 30%–ით ზრდის.

შპს „ევროდრიპს“  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ქალაქ თბილისში, ენუქიძის ქუჩა #12-ის მიმდებარედ  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 5 435 კვ.მ. უძრავი ქონება საინვესტიციო ვალდებულებით გადასცა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის თებერვლის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 402 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 976 მლნ ლარზე მეტია. პროექტების განხორციელებით ჯამში  15 500- მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.