თბილისში ნაწრთობი მინის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება

დრო: 2019-01-09 15:15:34

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, თბილისში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მინის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება. საწარმოში 1 800 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 20 ადამიანი დასაქმდება.  საწარმოს საქმიანობის ძირითადი მიმართულება ნაწრთობი მინის წარმოებაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში, ავეჯის წარმოებაში, ინტერიერსა და ექსტერიერში, ასევე საფასადო სისტემებში. კომპანია ყოველწლიურად სულ მცირე 120 000 მ2  მინის წარმოებას უზრუნველყოფს, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება გათვლილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესის ხელშესაწყობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების მიზნით შპს „გლას სერვისს“ ქალაქ თბილისში, იპოლიტ-ივანოვის ქუჩა #12-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 507 კვ.მ. უძრავი ქონება გადასცა.

შეგახსენებთ, რომ  სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 422 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია.  აღნიშნული პროექტების ფარგლებში სულ 16,100- მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.