სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა

დრო: 2019-07-19 15:48:17

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი დუგლაძის ხელმძღვანელობით  სააგენტოს თანამშრომლები მორიგი სამუშაო ვიზიტით  გერმანიაში ქ.ბონში იმყოფებოდნენ. ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დიდი საწარმოების სტრუქტურა, მუშაობის სტილის გაცნობა და პრივატიზების პროცესში გამოცდილების გაზიარება.

სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს VIII დივიზიონის ხელმძღვანელმა  პეტრა ვონ ვიკმა. აღნიშნული ქვედანაყოფი პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე გერმანიის რესპუბლიკაში. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ეწვია სს „გერმანიის ფოსტა“-ს,  DHL-ის ინოვაციების ცენტრს, კავშირგაბმულობის ფედერალურ სააგენტოს, ასევე გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების კუთხით.