სახელმწიფო ქონების პრივატიზება 2020

დრო: 2021-01-29 14:22:14

პანდემიის მიუხედავად 2020 წელი საკმაოდ წარმატებული იყო სახელმწიფო ქონების პრივატიზების კუთხით. მიმდინარე წელს პრივატიზებიდან 130 მლნ ლარზე მეტის მობილიზება მოხდა, რაც 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 12 მლნ ლარით მეტია. ამის შესახებ ნათია თურნავამ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და ახალი სტიმულია ეკონომიკის გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის.

პრეზენტაციაზე სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს პრივატიზების კუთხით სამომავლოდ დაგეგმილ ინიციატივებზე.

„სამომავლოდ ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს. მომავალ წელს პრივატიზაცია იქნება ერთ-ერთი სტიმული, რომელიც ჩვენს ეკონომიკას აღადგენს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

პრეზენტაციაზე პოზიტიურად შეფასდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი მომსახურების სააგენტოს შერწყმა. ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების გამიჯვნის, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების ოპტიმიზაციის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებისთვის უძრავი ქონების გადაცემა და სხვ. 

2020 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 146 მლნ ლარზე მეტი თანხა იყო მობილიზებული. აქედან, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან სააგენტომ 130 მლნ ლარზე მეტის მობილიზება მოახდინა, საიდანაც ბიუჯეტში დაახლოებით 95 მლნ ლარზე მეტი გადაირიცხა, რაც წლიური გეგმის 106 პროცენტია. ამასთან, ბიუჯეტმა სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან 2020 წელს გაცილებით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2019 წელს. მეტიც, 2016 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45 მლნ ლარზე მეტია.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით წარმატებით იმუშავა სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების სააგენტოს ინიციატივამ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომლის ფარგლებშიც 2020 წელს 115 ობიექტი უკვე გაიყიდა, ხოლო 130 სახელმწიფო ობიექტზე პარალელური აუქციონებია გამოცხადებული.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პარალელურ აუქციონებზე 67 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება იყო გამოტანილი, მათი დასრულების შემდეგ ქონების ჯამური  გაყიდვის ფასმა 84 მლნ ლარს გადააჭარბა.

პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ნინო ენუქიძე, აგრეთვე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელი პირები.