სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ დეპარტამენტს ეწვია

დრო: 2023-02-13 13:35:30

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ დეპარტამენტს ეწვია. იგი ადგილზე გაეცნო სამუშაო პროცესს და ადგილობრივ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გიორგი დუგლაძემ შეაჯამა 2022 წელი, ისაუბრა იმერეთის რეგიონში განხორციელებულ პრივატიზების შედეგებზე და სააგენტოს 2023 წლის სამოქმედო გეგმაზე.

„2022 წელს დასავლეთ საქართველოში, არაერთ მსხვილ პროექტს ჩაეყარა საფუძველი, რომლის მიზანია რეგიონის განვითარების ხელშეწყობა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სააგენტომ დასავლეთ საქართველოში 90 მილიონი ლარის  ღირებულების ქონების პრივატიზება მოახდინა. ამასთან, ჩვენს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ბიზნეს პროცესების მართვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ზრდა და სახელმწიფო ქონების შეძენით დაინტერესებული პირებისთვის მომსახურების ვადების შემცირება,“ - განაცხადა გიორგი დუგლაძემ.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, გიორგი დუგლაძე ასევე ესტუმრა ფოთის მომსახურების ცენტრს და გაეცნო იქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს.

მიმდინარე წელს, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სააგენტო აქტიურად გააგრძელებს თანამედროვე სტანდარტების და მიდგომების დანერგვას მომსახურების პროცედურების ოპტიმიზაციის კუთხით.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში სააგენტოს მიერ პრივატიზებულია თითქმის 90 მილიონი ლარის  ღირებულების  300-მდე სხვადასხვა ტიპის ობიექტი.

საანგარიშგებო პერიოდში ინიცირებული საინვესტიციო პროექტებიდან თავისი მასშტაბურობით მნიშვნელოვანია პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს წყალტუბოს, როგორც მსოფლიო დონის სპა-კურორტის აღდგენას და მისი ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

პრივატიზების ტემპის დაჩქარების მიზნით შემუშავდა პროექტი „საინვესტიციო შესაძლებლობები ქუთაისში“, რომლის ფარგლებშიც გასხვისდა და ახალ ფუნქციას შეიძენს ქალაქის ცენტრში მდებარე „ქუთაისის პრესის სახლის შენობა“.  სასაწყობე/ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობის პირობით გაიყიდა კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარედ, სოფელ იანეთში არსებული ტერიტორია. ამავე არეალში, განსაკუთრებული ეკონომიკური რეგულირების ზონის სტატუსი მიენიჭა და ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდა უძრავი ქონება, სადაც მრავალფუნქციური კომპლექსი მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, დასავლეთ საქართველოში, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ყიდვაზე. აღნიშნულ პერიოდში  განიკარგა 6000 ჰა-ზე მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწა, მათ შორის  როგორც იჯარის, ისე პრივატიზების ფორმით.  სახელმწიფოსგან იჯარით აღებული ნაკვეთების გამოსყიდვის შედეგად ფერმერების საკუთრებაში გადავიდა  200 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულები.