ანალიტიკური დეპარტამენტის ტრენინგი სახელმწიფო საწარმოებისთვის
დრო: 2013-11-28 00:00:00
2013 წლის 21 და 22 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ჩატარდა ტრენინგი სახელმწიფო საწარმოთა თანამშრომლებისთვის. ტრენინგი ინიცირებული იყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ და მიზნად ისახავდა ახალი ფინანსური ანგარიშგების ფორმის წარდგენასა და დანერგვას საწარმოებში.
ტრენინგს უძღვებოდნენ მისი ინიციატორები - ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან მენაბდე და ანალიტიკური დეპარტამენტის ორი თანამშრომელი - მანანა გრიგალაშვილი და გიორგი კაპანაძე. ტრენინგს ესწრებოდა დასავლეთ საქართველოს 17 საწარმოს წარმომადგენელი. მთავარ თემას წარმოადგენდა მონაცემთა შეგროვების ახალი ფორმის გაცნობა: ტრენინგის პირველი დღე მიზნად ისახავდა ახალი ფორმის და ორი ფინანსური უწყისის, მოგება-ზარალის და საბალანსო უწყისების განხილვას. მეორე დღე კი დაეთმო ფულის მოძრაობის უწყისის შევსების ორი მეთოდის გაცნობას. ტრენინგზე განხილულ იქნა შესაბამისი მაგალითები და იგი კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.
ტრენინგის საჭიროება გამოწვეულ იქნა საწარმოების შესახებ ფინანსური მაჩვენებლების სიმწირით. საწარმოთა შესახებ არასრულყოფილი ინფორმაცია კი პრობლემას წარმოადგენს თავად ანალიტიკური დეპარტამენტისთვის და არ აძლევს მას მარტივი ანალიზის საშუალებასაც კი.
უახლოეს მომავალში ახალი ფორმის დანერგვის საფუძველზე მოხდება საწარმოების შესახებ სრულყოფილი ფინანსური ინფორმაციის თავმოყრა. ფორმები ფინანსურის გარდა მოიცავს ვერბალურ ინფორმაციასაც, რაც შევსებული მონაცემების განმარტებებს წარმოადგენს. აღნიშნულ ფორმაში დეტალურად არის დასმული კითხვები, რათა მართებულად და სრულყოფილად მოხდეს საწარმოს შესახებ ინფორმაციის მოძიება და შემდგომ გამარტივდეს მისი ფინანსური ანალიზი.
იგივე შინაარსის ტრენინგი ჩატარდა ოქტომბერში თბილისის საწარმოებისთვის პროექტის USAID-EPI მხარდაჭერით. ტრენინგის ძირითად საკითხებს წარმოადგენდა სახელმწიფო საწარმოების ფინანსური, იურიდიული და საოპერაციო ინფორმაციის მართვა. ტრენინგებს დაესწრო თბილისის 28 საწარმოს წარმომადგენელი.
მომავალში იგივე სახის ტრენინგი იგეგმება აღმოსავლეთ საქართველოში განთავსებული საწარმოებისთვის.